logo
ENG



"ეს იყო ძალიან პოზიტიური სიახლე" - თალაკვაძე ივანიშვილის პოლიტიკაში "დაბრუნებაზე"

30 დეკ 202316:16
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/30/3xpi0x9l2x41bqp.jpg

ქართული ოცნების დეპუტატი არჩილ თალაკვაძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში "დაბრუნებას" პოზიტიურ სიახლედ მოიხსენიებს. მისი მტკიცებით, ეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც "საქართველოს ინტერესებს მოემსახურება". 

"ეს არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ძალიან პოზიტიური გადაწყვეტილება, რომელიც დაეხმარება ჩვენს ქვეყანას იმ სტრატეგიული ამოცანების შესრულებაზე, რომელზეც ისაუბრა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და ასევე, ჩვენს გუნდს, ქართულ ოცნებას დაეხმარება კონსოლიდაციაში და იმ მნიშვნელოვანი გეგმებისა და მიზნების შესრულებაში, რისი პირობაც ჩვენ მივეცით საზოგადოებას. ეს იყო ძალიან პოზიტიური სიახლე საზოგადოებისთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება, როგორც ყოველთვის, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს მოემსახურება", - ამბობს თალაკვაძე. 

ქართულმა ოცნებამ წლის შემაჯამებელ ყრილობაზე პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარედ აირჩია. მანამდე, რამდენიმე წუთით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება - ეს ივანიშვილის პოლიტიკაში მეორე "დაბრუნებაა".

ივანიშვილმა მისი "დაბრუნების" რამდენიმე მიზეზი ჩამოთვალა - მათ შორის დაასახელა ოპოზიციის "არარსებობა" და "ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა".

 
 

 

 

 

close დახურვა